ხალხური ცეკვა ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. ყველაზე ადრინდელურ მასობრივ ცეკვად მიჩნეულია მონადირული ცეკვები, რომლებიც ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამინების კოლექტიურ შრომასთან – ნადირობასთან კავშირში შეიქმნა. ასეთება ქართული ლენჩილი (სვანეთი), სანადირო – ამირანის ფერხული (სვანეთი). ნადირობითა და მესაქონლეობით დასაქმებული ტომები განსაკუთრებული პატივით ეკიდებოდნენ ცხოველთა სამყაროს, ადიდებდნენ და აღმერთებდნენ მათ. მათ წინამძღოლს – პატრონს, რომლის სურვილზედაც, თითქოსდა დამოკიდებული იყო ნადირობის წარმატება, თავდაპირველად მას ცხოველების სახე ჰქონდა (ზოომორფიზმი), შემდგომ კი ადამიანისა (ანთროპომორფიზმი). ანთროპომორფიზმის ნიშნად უნდა ჩაითვალოს საქართველოში დღემდე შემორჩენილი ფერხულები. ნადირობის ქალღმერთის – ოქროსთმიანი დალისადმი მიძღვნილი ცეკვა-სიმღერები: "დალი კოჯარს ხელვაჟარე" (დალი კლდეში მშობიარობს), "ბაიალ ბეთქილ", 'მეთხვარ მარე" და სხვები.
ხალხი ცეკვაში ასახავდა ცხოველთა თვისებებს, ბაძავდა მათ და სახიერად გადმოსცემდა ცხოველთა და ფრინველთა დამახასიათებელ ქცევებს. ასე შეიქმნა ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა ბიზონებს ცეკვა, ინდონეზიელთა ვეფხვის ცეკვა, იაკუტების დათვის ცეკვა, პამირელების არწივის ცეკვა, ჩინელებისა და ინდოელების ფარშავანგების ცეკვა, ფინელთა ხარის ცეკვა და სხვა.
დროთა განმავლობაში ხალხური ცეკვები, საზოგადოების ეკონომიკური პირობების შეცვლასთან ერთად, სახეს იცვლიდნენ. იქმნებოდა ცეცხლთან დაკავშირებული საწესჩვეულებო ცეკვები. მაგ: შრი- ლანკელთა ცეცხლის ცეკვა, ქართული ლამპრობა, ანდა სლავური ფერხულები, დაკავშირებული არყის ხესთან, ყვავილების გვირგვინების წვნასთან, კოცონის გაჩაღებასთან და სხვა. იმის გამო, რომ ადამიანი ვერ ხსნიდა ბუნების ზოგიერთ მოვლენას და ქედს იხდიდა მათ წინაშე, ცეკვებში თანდათანობით ფეხს იკიდებდა მისტიკის ელემენტები, იქმნებოდა ასტრალური სხეულებისადმი მიძღვნილი ფერხულები. ასეთია ქართული "ლილე" (მზეს ფერხელი), "შუშპარი" (მთვარისადმი მიძღვნილი ცეკვა). რელიგიურ-მისტიკური ფერხულებიდან საქართველოში აღსანიშნავია - "ლაჟღვაში", "ადრეკილა" და სხვა.
მიწათმოქმედების განვითარების შემდეგ შეიქმნა ლიტველების მთიბავთა ცეკვა, გუცულების ხეს მჭრელთა ცეკვა, მოლდაველების მევენახეთა, უზბეკების მებამბეთა ცეკვები და სხვა. ხალხურ ცეკვებში ხშირად გამოიკვეთება მებრძოლი სულისკვეთება, გმირობა და სიმამაცე, გადმოცემულია ბრძოლის სცენები. მაგ: ასეთია უძველესი ბერძნული ცეკვები, რომელშიც ფარიკაობის ელემენტებიც ცეკვის ხელოვნებასთან არის შერწყმული: ქართული "ხორუმი", "ფარიკაობა", "ზემყრელო" და სხვა. ხალხურ საცეკვაო შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს სიყვარულის თემას. თავდაპირველად იყო ეროტიკული ხასიათის ცეკვები, მოგვიანებით კი სატრფიალო ცეკვებში გამოიხატებოდა კეთილშობილური გრძნობები, კერძოდ, ქალისადმი მოკრძალებული დამოკიდებულება (მაგ: ქართული ცეკვა "ქართული", პოლონური "მაზურკა", რუსული "კადრილი" და სხვა). დროთა განმავლობაში სხვადასხვა ხალხის წიაღში ჩამოყალიბდა საცეკვაო ტრადიცია, მოძრაობათა კოორდინაცია და მუსიკასთან მათი შერწყმის თავისებური ხერხები.
ზოგი ცეკვა სრულდება მუსიკალური საკრავის აკომპანიმენტით, რომელიც ხშირად თვით მოცეკვავეს უჭირავს ხელში (მაგ: გარმონი, დოლი, დაირა და სხვა).
No comments:
Post a Comment